"ეროვნული ფორუმის"თავმჯდომარე კახაბერ შარტავა აცხადებს, რომ ამერიკის შეეთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ჩამოსვლას არა ვიზიტი, არამედ საქართველოში შემოვლა ჰქვია.
შარტავს განცხადებით, კარგია, რომ კლინტონი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციიდან კლინტონს ვინმემ მაინც უთხრა სიმართლე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წავიდოდა გაკვირვებული სააკაშვილის სასახლით. იმ მრავალმხრივი კრიზისის ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, ასეთი მშენებლობები ბევრ რამეზე მიანიშნებს და იმედია, ჩვენს ამერიკელ სტუმრებს ეს არ გამორჩებოდათ", - აცხადებს შარატავა.
რაც შეეხება იმას, განაწყენდნენ თუ არა "ფორუმელები" იმით, რომ ისინი შეერთებული შტატების სახლმწიფო მდივანთან შესახვედრად არ მიიწვიეს, შარტავამ აღნიშნა: "დიდი მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია იმისთვის, ვიქნებოდით თუ არა იმ შეხვედრაზე. რაც შეეხება წყენას, "ფორუმი" ძლიერი ორგანიზაციაა და ასეთი მარტივი ემოციებით ჩვენს საქმიანობას არ ვმუხტავთ".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისს დღეს, 12:00 საათზე ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კლინტონი ლიდერ ქალებს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. კლინტონმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების დადებითად შეაფასა და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერა აღუთქვა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თბილისიდან კრემლს კიდევ ერთხელ მოუწოდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაიყვანოს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება შეასრულოს. კლინტონმა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით საქართველოსადმი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო უკვე დატოვა.