"თუ ამერიკის შეერთებულის შტატების მიდგომა საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკის შესახებ ასე გაგრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ან ამერიკის საელჩო ახდენს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დეზინფორმაციას ან უბრალოდ აშშ-ს ასე სჭირდება, გაასაღოს", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.
სესიაშვილის შეფასებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მთელი ცივილიზებული სამყაროსა და ქართველის საზოგადების აზრიც ერთნაირია და ამაზე აღარავინ კამათობს.
"რაც შეეხება დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებისა და წინსვლას, ეს ხალხს რეალურად არ უგრძვნია და კლინტონის შეფასებები მხოლოდ დიპლომატიური განცხადებები იყო. ამერიკელი დიპლომატები ხშირად გვეუბნებიან - ჩვენ ვართ ბედნიერები ქართული დემოკრატიით. თუ საკითხისადმი მიდგომა ასე გაგრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ან ამერიკის საელჩო ახდენს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დეზინფორმაციას, ან, უბრალოდ, აშშ-ს ასე სჭირდება, რომ გაასაღოს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთა" საუბარში სესიაშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, აშშ-ის ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში ამერიკის მიმართ სიმპათიის გაქრობასა და ანტიამერიკული განწყობის დამკვიდრებას იწვევს.
"ის, რაც დღეს ჰილარი კლინტონისგან მოვისმინეთ, ჩვეულებრივი დიპლომატიური განცხადებაა. შეგვიძლია პარალელი გავავლოთ იმასთან, რაც მან აზერბაიჯანში თქვა, თუ როგორ ვითარდება აზერბაიჯანის დემოკრატია. შეუძლებელია კლინტონმა ზუსტად იგივე ტექსტი საქართველოში გაიმეოროს, როცა ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, ხორცილდება ზეწოლა, გვქონდა 7 ნოემბერი, ტელეკომპანია "იმედი" მფლობელს უკანონოდ ჩამოართვეს, ყალბდება არჩევნები, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოს მიმართ", - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისი შეფასებით, როცა კილინტონი მიიჩნევს, რომ ის დიპლომატიური განცხადებას აკეთებს, რეალურად ქართულ საზოგადოებაში იქმნება განწყობა, რომ აშშ საქართველოს არაობიექტურად უდგება, რაც არავის მოსწონს. რის გამოც ვითარება იქამდე მივიდა, რომ არჩევნებში რუსოფილებმა გარკვეული ქულებიც კი მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისს დღეს, 12:00 საათზე ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კლინტონი ლიდერ ქალებს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. კლინტონმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების დადებითად შეაფასა და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერა აღუთქვა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თბილისიდან კრემლს კიდევ ერთხელ მოუწოდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაიყვანოს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება შეასრულოს. კლინტონმა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით საქართველოსადმი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო უკვე დატოვა.