პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჰილარი კლინტონმა საკმაოდ მკაფიო და მკაცრი განცხადებები გააკეთა რუსეთის მისამართით, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ აშშ რუსეთს "აშინებს". მისი თქმით, რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, "თავი დაანებონ გავლენის სფეროებზე ნადირობას და სფეროები გადაინაწილონ". პოლიტოლოგის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ რუსეთს კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში მოსთხოვს გავლენის დათმობას, ეს ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტივი იქნება. ამის შესახებ საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
"კლინტონის მხრიდან რუსეთის მისამართით პრინციპული პოზიციები იყო მკაფიოდ გამოხატული, მაგრამ მგონია, რომ ეს განცხადებები არ იყო რუსეთის დასაშინებლად გაკეთებული. ვფიქრობ, ახალი პოლიტიკური რეალობის შედეგი იყო ეს ვიზიტი, რადგან ამ ვიზიტს თან არ სდევს რუსეთის ჩვეული მწვავე პოზიცია. მგონია, რომ ორივე მხარე შეთანხმდა, თავი დაანებონ გავლენის სფეროებზე ნადირობას და ერთმანეთს დაუთმონ ესა თუ ის სფერო. თუ ამერიკამ რუსეთს ამ რეგიონებში მოსთხოვა გავლენის დათმობა, ეს ძალიან სასიამოვნოა, ანუ კავკასიის რეგიონი და კონკრეტულად საქართველო მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ სფეროებში სთხოვს რუსეთს კომპრომისზე წასვლას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.