პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს აფასებს. როგორც ექსპერტმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, კლინტონის საქართველოში ვიზიტი ზოგადად მისი ხუთდღიანი ტურნეს კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომელიც მთლიანად მოსკოვისკენ იყო მიმართული. საყვარელიძის განცხადებით, კლინტონმა ხაზი იმ ტერიტორიულ კონფლიქტებს გაუსვა, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ამ რეგიონის ქვეყნებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს.
"ეს ვიზიტი უნდა განიხილებოდეს მთლიანად ტურნეს კონტექსტში, ეს ტურნე კი მთლიანად მოსკოვისკენ იყო მიმართული. კლინტონმა მოინახულა ის ქვეყნები, რომლებზე გავლენის პრეტენზიაც მოსკოვს აქვს. ამდენად, კლინტონმა ამ ვიზიტის ფარგლებში მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმ პრობლემებს, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი ამ ქვეყნებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. მაგალითად: აზერბაიჯანსა და სომხეთზე - ყარაბაღის პრობლემა, საქართველოსთან - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები. ამ საკითხების ანალიზის დროს კლინტონმა მკვეთრი, მკაფიო პოზიცია დააფიქსირა. ამავე დროს განაცხადა, რომ ამერიკისთვის რუსეთთან თანამშრომლობა აუცილებელია და ის ცდილობს იყოს კონსტრუქციული, თუმცა ეს კონსტრუქციულობა პრინციპულობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. კლინტონმა საქართველოს მაგალითზე აჩვენა, რომ აშშ-ისთვის კომპრომისების პოლიტიკა უკან დახევის პოლიტიკას არ ნიშნავს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.