სააკაშვილი უკრაინისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი „ვაშინგტონ პოსტში“ წერს. მისივე თქმით, ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე მისი დანიშვნვის მიზანი კორუფციული რეგიონის გასუფთავება იყო, თუმცა მისი გუნდი მალე პრობლემების წინაშე დადგა. "პრეზიდენტმა არა მხოლოდ შეწყვიტა ჩვენი დახმარება, არამედ ის სწორედ იმ ინტერესებს ემხრობოდა, რომლის წინააღმდეგაც უნდა გვებრძოლა. პოროშენკოს მიერ ჩვენი მიწვევა მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის ნაწილი იყო, რათა საკუთარი თავი რეფორმატორად წარმოეჩინა და საერთაშორისო დინორებისგან ფული მიეღო," - ნათქვამია პუბლიკაციაში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის უკრაინის პროდასავლური, დემოკრატიული ძალების გაერთიანებას განაგრძობს და შემოდგომაზე საკანონმდებლო რეფორმების ჩატარების ინიციატივით ფართომასშტაბიანი კამპანიით გამოვა. სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას არაკანონიერს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს საქართველოში მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის საფუძველზე მოხდა, საქმის, რომელიც მილიარდერისა და რუსეთთან ახლო ბიზნეს-ურთიერთობების მქონე ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადმა მთავრობამ აღძრა.