რიგით მე-11 შავიზღვის ჯაზფესტივალი 27-30 ივლისს გაიმართა. 4 დღის განმავლობაში, ქალაქ ბათუმს მსოფლიო ვარსკვლავები: მათ შორის"ჯემიროქუაი", კორი ჰენრი, დელა სოული და ჯოს სთოუნი სტუმრობდნენ. ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებით გაშუქდა, მათ შორის სიუჟეტი მოამზადა ევრონიუსმა. http://www.euronews.com/2017/08/02/jamiroquai-headlines-at-black-sea-jazz-festival
ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება ჯგუფ "Jamiroquai"-ის მთლიანი კონცერტის „პირდაპირი ტრანსლაცია“ იყო. არტისტის მენეჯმენტმა ფესტივალის ორგანიზატორებს მთლიანი კონცერტის ტრანსლირების უფლება მისცეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ტრანსლაციას მთელ მსოფლიოში 3 მილიონამდე ადამიანი უყურებდა.
რიგით 11-ე ჯაზ-ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ ლუ ბერიმ, საქართველოში ვიდეოკლიპი გადაიღო. მუსიკოსის ვიდეოკლიპში საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ადგილები გამოჩნდება.
ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მომღერლის ჯოს სთოუნისა და ქართველი მომღერლის სალიოს (იგივე სალომე კორკოტაშვილის) ერთობლივი ვიდეო-ჩაწერა შედგა. გადაღება პეტრას ციხის ტერიტორიაზე მოხდა. ვიდეოკლიპი დამონტაჟების შემდეგ მომღერლის ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე განთავსდება და მას მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი იხილავს. გარდა ამისა, საქველმოქმედო საქმიანობით დაკავებულმა ბრიტანელმა ჯოს სთოუნმა, ბათუმში არსებული ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „TANA“ მოინახულა და ვიდეოგადაიღო. კლიპის დამონტაჟების შემდეგ, აღნიშნულ ცენტრის თანხმობით, მასალა განთავსდება მომღერლის ოფიციალურ გვერდზე და მსოფლიო მასშტაბით არაერთ ადამიანს ექნება საშუალება დაეხმაროს ცენტრს. წელს ფესტივალის ფარგლებში უცხოელებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ ქართველი მუსიკოსებიც.