ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი ვარშავაში ჩაფრინდა რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან 2010 წლის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პროკურატურაში დასაკითხად, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ტუ-154 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2010 წლის 10 აპრილს დაიღუპა 96 ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად და ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის კიდევ ათობით წევრი. ავიაკატასტროფის დროს დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იყო.
ვარშავაში გამომძიებლებს სურთ, მაგალითად, დაადგინონ, რატომ დაევალა მსხვერპლთა ამოცნობა რუს სპეციალისტებს. ამ პროცესში მრავალი შეცდომა იქნა დაშვებული, რაც მოგვიანებით ექსჰუმაციის შედეგად გაირკვა.
პოლონეთის ხელისუფლების სათავეში ამჟამად დგას ტუსკის პრემიერ-მინისტრობის დროს ოპოზიციაში მყოფი მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „სამართალი და სამართლიანობა“, რომელსაც დაღუპული პრეზიდენტის ძმა, იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს. ტუსკის მხარდამჭერების აზრით, მისი უკვე მეორედ დაბარება ვარშავაში დაკითხვაზე, არის ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური შურისძიების ფორმა.