მოსკოვი სანქციების პირობებში თავშეკავებით და მოთმინებით იმოქმედებს, თუმცა გარკვეულ მომენტში მას მოუწევს პასუხი გასცეს მსგავს „თავხედობას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე, რომელიც 27 ივლისს გაიმართა ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ.
„შეუძლებელია დაუსრულებლად მოთმენა ჩვენი ქვეყნის მიმართ რაღაც თავხედობისა“, - ასე უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ უპასუხებს რუსეთი აშშ-ის მიერ ახალი ამერიკული სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღებას.
აშშ-ის სენატმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე კანონი მიიღო. კანონს მხარი 98 -მა სენატორმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა. ამავე კანონპროექტით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქებას კონგრესის თანხმობის გარეშე.
უფრო ადრე რუსეთის მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ კანონპროექტის ხელმოწერის შემთხევაში, რუსეთიდან შესაძლოა გააძევონ რამდენიმე ამერიკელი დიპლომატი.
რაც შეეხება დოკუმენტს, აქ აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებული პირობების დარღვევას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგს.
კონგრესი რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას აკისრებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე. კონგრესი მოუწოდებს პრეზიდენტს, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას: გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან; დაუბრუნოს კონტროლი ამ ტერიტორიების საზღვრებზე ამ ქვეყნების შესაბამის ხელისუფლებებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება იყენებდა და განაგრძობს საქართველოს და უკრაინის მიმართ ძალების გამოყენებას, სადაზვერვო ოპერაციებს, რაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის. კონგრესის აზრით, აშშ-მ უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირთან, როგორც პარტნიორმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აგრესიის წინააღმდეგ, მოახდინოს დახმარების პროგრამების კოორდინირება და სხვა ძალისხმევა მიმართოს რუსეთთან დაკავშირებით.
ამავე კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს ტერიტორიული ცვლილებების არ აღიარების პოლიტიკას, რომლებიც ჩადენილია ძალის გამოყენებით, მათ შორის უკანონო შეჭრის შედეგად აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში.