"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მთავრობაში ზოგიერთ მინისტრს "კანონიერი ქურდის" სტატუსი აქვს. ამის შესახებ განცხადება ვეფხვაძემ პარლამენტში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გააკეთა და კითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრს, რატომ არ იმყოფება პარლამენტში ზოგიერთი მინისტრები.
"ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ ქვეყანაში "კანონიერი ქურდების ინსტიტუტი მოსპო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სტატუსი გარკვეულმა მინისტრებმა შეიძინეს. მაინტერესებს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დროს რატომ არ იმყოფებიან პარლამენტში მინისტრები", _ განაცხადა ნ ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში არ იმყოფებიან მხოლოდ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ვეფხვაძე კითხულობს, რომ მათი არყოფნა ნიშნავს თუ არა იმას, რომ მთავრობის კაბინეტში არიან პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული მინისტრები.
ვეფხვაძის თქმით, ამ კითხვას ლეგიტიმურობას სძენს ის, რომ ორი მინისტრობის კანდიდატი თავისი კანდიდატურის დამტკიცებასაც არ ესწრება. ვეფხვაძე ვარაუდობს, რომ მათ ეს არ აინტერესებთ, რადგან იციან, რომ მათი საკითხი გადაწყვეტილია.
გარდა ამისა, ვეფხვაძემ გილაურს ჰკითხა, ენდობა თუ არა იგი მინისტრებს. როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, რეფერალური პროგრამების მართვის საკითხი ჯანდაცვის სამინისტროდან გადადის უშუალოდ მთავრობის დაქვემდებარებაში.
"ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ ჯანდაცვის მინისტრს არ ენდობით და საერთოდ მაინტერესებს პირადად თქვენ ენდობით თუ არა მინისტრობის კანდიდატებს", _ განაცხადა ვეფხვაძემ.
პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ იგი მინისტრების კანდიდატებს რომ არ ენდობოდეს, მათ კანდიდატურებს არც კი წარმოდგენდა. რაც შეეხება პრივილეგირებული მინისტრების თემას ამ საკითხთან დაკავშირებით გილაურის არგუმენტი არის ის, რომ "პრივილეგირებული მინისტრები არ არიან. ისინი, უბრალოდ, აქ არ არიან".