ევროსაბჭოს დელეგაციამ ქართულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებში განსახორციელებლად 5 პროექტი წარუდგინა. ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იაკობაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ხელმძღვანელებმა მას კონკრეტული პროექტები წარუდგინეს, რომელშიც ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთვება.
"სულ ხუთი პროექტია. ეს ეხება ქართველი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჟურნალისტებს შორის კომუნიკაციის დამყარებას, განათლების, ინფორმაციის გაცვლის, კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხებს. მიგვაჩნია, რომ ამ სფეროებში ევროსაბჭოსთან შეიძლება ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. მათ წინადადებებს ქართული მხარე აუცილებლად განიხილავს", - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, უნდა შემუშავდეს ისეთი პროგრამები, რომელშიც მოსახლეობის ჩართვა მასობრივად მოხდება და ეს მხოლოდ 10-15 კაცზე არ იქნება გათვლილი.
"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეთ ადამიანს ჰქონდეს ურთერთობის საშუალება, როგორც ჩვენი, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების მხრიდან და მიმაჩნია, რომ ევროსაბჭო ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული მოთამაშე შეიძლება იყოს", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეწვივნენ, რომელთაც პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართეს. დაგეგმილია შეხვედრები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.
სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ოკუპაციის მუზეუმს ეწვევიან. ევროსაბჭოს ხელმძღვანელები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდებიან.