რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილეს.
"თემურ იაკობაშვილს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება ჩაერთოს ევროსაბჭო საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის საკითხებში. ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ შეძლებს ევროსაბჭო სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ჩართვას", - განაცხადა იაგლანდმა.
როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანტონიო მილოშოსკიმ აღნიშნა, სამოქმედო გეგმაში ევროსაბჭოს ჩართულობასთან დაკავშირებით მუშაობას როგორც ორგანიზაციაში, ასევე საქართველოს ხელისუფლებასთან გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ეწვივნენ, რომელთაც პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართეს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.
სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ოკუპაციის მუზეუმს ეწვევიან. ევროსაბჭოს ხელმძღვანელები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდებიან.