ბალკანეთის ნახევარკუნძულს ქართული კინემატოგრაფი იპყრობს. ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ - სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ქართული ფილმები განსაკუთრებული მასშტაბით არის წარმოდგენილი. კინოფესტივალის თითქმის მთელი პროგრამა ქართველი რეჟისორების ნამუშევრებით არის დაკომპლექტებული.
მთავარ კონკურსში მონაწილეობს ორი ქართული ფილმი - ანა ურუშაძის დებიუტი „საშიში დედა“ და რეზო გიგინეიშვილის გახმაურებული „მძევლები“.
დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში მოხვდა რატი ონელის უკვე წარმატებული ფილმი „მზის ქალაქი“.
ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის არაერთი პრიზის მფლობელი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ წარმოდგენილია სექციაში „ფოკუსი“.
ასევე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია ანა სარუხანოვას „სრულყოფილი შეკვეთა“.
გიორგი ოვაშვილის ახალი პროექტი „უღელტეხილი“ კი ინდუსტრიულ სექციაში Cinelink მონაწილეობს.
სარაევოს კინოფესტივალი ბოსნია ჰერცეგოვინაში 2017 წლის 11-18 აგვისტოს ჩატარდება. ფესტივალი საკმაოდ მაღალი დონის არის და მას ყოველწლიურად არაერთი ვარსკვლავი ესწრება.