საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია ითხოვს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოხდეს გამიჯვნა სიმთვრალის ხარისხს შორის. მის მოთხოვნას კი მხარს ნუგზარ ერგემლიძეც უჭერს. ამის შესახებ განცხადებები ბაღათურიამ და ერგემლიძემ დღეს პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტის მესამე მოსმენის განხილვისას გააკეთეს.
კანონპროექტის თანახმად, იზრდება ჯარიმების ოდენობები რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის. მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მთვრალ მდგომარეობაში მართვისთვის, ღვედის გამოუყენებლობისათვის, ალკოჰოლური, ნარკოტოიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმების თავის არიდებისთვის, შუქნიშნის დაუმორჩილებლობისთვის დ ა.შ. ჯონდი ბაღათურია აცახდებს, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგია მთვრალ მდგომარეობაში მანქანის მართვისა, თუმცა მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს განსხვავება სიმთვრალის ხარისხს შორის.
"არ შეიძლება ის ადამიანი, ვისაც ერთი ჭიქა ლუდი ქვს დალეული ისევე დავაჯარიმოთ, როგორც ნასვამი ადამიანი", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ. მის მოთხოვნას მხარი ნუგზარ ერგემლიძემაც დაუჭირა და აღნიშნა, რომ გერმანიაში დაშვებულია მანქანის მართვა მაშინ, როდესაც ადამიანს ორი კათხა ლუდი აქვს დალეული. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის ეს მოთხოვნა არ გაიზიარა იმ არუგმენტით, რომ "ნასვამი ადამიანი არის ნასვამი და მნიშვნელობა არ აქვს მას ერთი ჭიქა აქვს დალეული, სამი თუ ათი. ნასვამი ადამიანი საფრთხეს უქმნის, როგორც საკუთარ ასევე სხვის სიცოცხლეს და ყველა ქვეყანაში ეს საკითხი მკაცრად რეგულირდება, ევროპის ქვეყნებში კი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის პირველივე შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ჩვენ ასე შორს ჯერჯერობით არ მივდივართ, მაგრამ აუცილებელია, რომ ადამიანების სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ" - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა პავლე კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა. ძალაში კი 1 აგვისტოდან შევა.