"ლეიბორისტული პარტია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში მოსალოდნელ ვიზიტს არ მიიჩნევს, როგორც შეერთებული შტატების მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯს. ამის შესახებ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, "ლეიბორისტების" საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, "ლეიბორისტული პარტია" გულწრფელად მიესალმება მაღალი სტუმრის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოსალოდნელ ვიზიტს საქართველოში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ტურნეს ფარგლებში იგეგმება, და რომლის ძირითად მიზნად, კირთაძის თქმით, იკვეთება რეგიონის თანამედროვე მთავარი გამოწვევების: ყარაბაღის ირანის და ახლო აღმოსავლთის პრობლემები. აქედან გამომდინარე, "ლეიბორისტების" აზრით, "სრულიად ყალბია ილუზია, რომელსაც რეჟიმის პრობაგანდისტული მანქანა ქმნის და ჰილარი კლინტონის მოსალოდნელ ვიზიტს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ვიზიტად აცხადებს".
"ლეიბორისტები" ჰილარი კლინტონს შეახსენებენ, რომ საქართველო "დაშლილ და არშემდგარ" სახელმწიფოდ სწორედ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა აქციეს.
"საქართველოს "ლეიბორისტლი პარტია", აღჭურვილი თავისი მრავალათასიანი ამომრჩევლისა და მხარდამჭერის მანდატით, უფლებამოსილი და ვალდებულია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს შეახსენოს თანამედროვე საქართველოს _ კვაზი დემოკრატიული ქვეყნის, დაშლილი და არშემდგარი სახელმწიფოს რეალური სინამდვილე, რომელიც მიხეილ სააკშვილმა, მის პოლიტიკურ დაჯგუფებასთან ერთად, ერთპიროვნული და ავტოკრატიული მმართველობით შექმნა და ჩამოაყალიბა, რაზეც, სამწუხაროდ, დღემდე თვალს ხუჭავს თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყანა აშშ, ისევე, როგორც მთელი დემოკრატიული სამყარო. რაც უმძიმეს პერსპექტივას უქმნის როგორც საქართველოს, ისე მთელს რეგიონს", - განაცხადა ნესტან კირთაძემ.