საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ ყველა აღებულ ვალდებულებას ასრულებს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"გრიგოლ ვაშაძესთან ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განვიხილეთ. მას შემდეგ რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა თქვენს ქვეყანაში ბერი რამ გაკეთდა", - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭო ადამიანის უფლების დაცვის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ომის შემდეგ დაზარალებულ მოსახლეობას ადამიანის უფლების დაცვის კუთხით დახმარება აღმოუჩინოს.
"ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების დავეხმარებით, რომლებიც ომის შემდეგ დაზარალდნენ", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ეწვივნენ, რომელთაც პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართეს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.
სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ოკუპაციის მუზეუმს ეწვევიან. ამასთან, ევროსაბჭოს ხელმძღვანელები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდებიან.