"სტრატეგია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შეიმუშავა, კარგი დოკუმენტია და მის განხორციელებაში ევროსაბჭო აქტიურად უნდა ჩაერთოს", - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაში არის წინადადების და ინიციატივები, რომლებიც ევროსაბჭოს მიერ მომზადებულ მოხსენებებს პასუხობს.
"აღნიშნული დოკუმენტი სამოქმედო გეგმაში გაწერილი წინადადების და ინიციატივების შესრულებაში ევროსაბჭო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს", - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ეწვივნენ, რომელთაც პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართეს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.
სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ოკუპაციის მუზეუმს ეწვევიან. ამასთან, ევროსაბჭოს ხელმძღვანელები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდებიან.