კონსერვატიული პარტია ხელისუფლებას დევნილთა საცხოვრებელი სახლების დანგრევაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს კონსერვატიული პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, მერიის აღმასრულებელი სტრუქტურები აფხაზეთიდან დევნილი ჯაპავების ოჯახის საცხოვრებელი სახლის დანგრევას აპირებენ.
"სააკაშვილმა ისევ გააგრძელა ბულდოზერებით საცხოვრებელი სახლების ნგრევა. მერიის აღმასრულებელი სტრუქტურები მოულოდნელად აპირებენ დაანგრიონ აფხაზეთიდან დევნილი ჯაპავების ოჯახის საცხოვრებელი სახლი. ლაშა ჯაპავას ოჯახი 1997-1998 წლებიდან ინტენსიურად მიმართავდა ქალაქის მერიას, დევნილთა და განსახლების სამინისტროს, პარლამენტს და პრეზიდენტს დახმარებოდნენ მას საცხოვრებელი ფართის მიღებაში, მაგრამ მას არავითარი დახმარება არ მიუღია. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი თავს აფარებდა ნათესავებს. ანალოგიურ მდგომარეობაშია, როგორც აფხაზეთიდან ისე სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი", _ აცხადებს ბიძინა გუჯაბიძე.
კონსერვატიული პარტია მოუწოდებს საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ დევნილებს და დაიცვან მათი უფლებები.