დღეს, 2 ივლისს, პეკინში დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ხელმძღვანელის, ლევან ასათიანის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ჩენ გუოფენთან შეხვედრა.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები 1-ელ ივლისს გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პეკინში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტების დონეზე გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ასათიანი, ხოლო ჩინეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჩან სიაო.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების აქტუალური პრობლემატიკა განიხილეს, ასევე ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთდახმარების და საქმიანობის კოორდინაციის თემებზე ისაუბრეს.