კონკურს „თბილისში“ წელსაც მივიღებ მონაწილეობას, - აცხადებს ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში კომპოზიტორი ნინო ჩაჩავა, რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს "თბილისის" 2016 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის საუკეთესო სიმღერა“.
„ძალიან საინტერესო კონკურსია. წელსაც ვიღებ მონაწილეობას. წლევანდელ ნამუშევარს ჩემი მუსიკალური სტუდიის ბავშვები ნინო ქათამაძესთან ერთად ასრულებენ. მე ყოველ წელს ან წელიწადში ორჯერაც მაქვს ასეთი პროექტი: ბავშვებთან ერთად პოპულარული მომღერლები მღერიან ხოლმე ჩემს დაწერილ სიმღერას, თუმცა შარშანდელ კონკურსზე გაგზავნილი ნამუშევარი მხოლოდ ჩემი გუნდის ბავშვების შესრულებით იყო. როდესაც დაჯილდოების ცერემონიაზე ბავშვებმა ჩემი დაწერილი სიმღერა - „ჩვენ მოვდივართ“ შეასრულეს საზოგადოებას ძალიან მოეწონა. არ ველოდი საბავშვო სიმღერა თუ ასეთ აჟიოოტაჟს შემოიტანდა იქ დამსწრეებში. წელს, როგორც ვიცი, წიგნი გამოდის წინა გამარჯვებულების შესახებ, მეც დამიკავშირდნენ. ვფიქრობ საინტერესო გამოვა“, - აცხადებს ჩაჩავა.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ ,,თბილისობა -2017’’-ის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისი მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სს "ფინკა ბანკი საქართველო", "თელიანი ველი", სადაზღევო კომპანია "ირაო".