ხვალ, 2 ივლისს, თბილისის ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო მილოშოვსკი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო მილოშოვსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან.
ვიზიტის ფარგლებში მილოშოვსკი და იაგლანდი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდებიან.
შეხვედრებზე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის შედეგები განიხილება.
საქართველოს ხელისუფლება გეგმავს ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას გაუზიაროს პოზიცია რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გენერალური მდივნის ახალი, მომავალზე ორიენტირებული მიდგომის შესახებ.
შეხვედრების დროს განხილვის საგანი იქნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში ევროპის საბჭოს როლის გააქტიურება.
"ქართული მხარე ათვითცნობიერებს ევროპის საბჭოს ინტერესსა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დაიცვას ადამიანის უფლებების სტანდარტები ევროპის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც ქართული მხარე შეხვედრებზე დააყენებს საკითხს აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, საქართველო ევროპის საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვის შესაბამისი მექანიზმების ეფექტურად გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ", - ნათქვამია საგარეო საქმეთა განცხადებაში.