„ჩემი ბედნიერი ოჯახი" გერმანულ კინოგაქირავებაში 13 ივლისიდან ჩაეშვება. ფილმი საფრანგეთის კინოთეატრებში 10 მაისიდან გავიდა და იგი ამ დროისათვის უკვე 60000-მა მაყურებელმა ნახა.
აღსანიშნავია, რომ "ჩემი ბედნიერი ოჯახის" ხილვის შესაძლებლობა მაყურებელს ორიგინალში, ქართულ ენაზე, ფრანგული სუბტიტრებით აქვს.
ფილმის ჩვენება ამ ეტაპზე საფრანგეთის 70 ქალაქში მიმდინარეობს და მას კინოკრიტიკოსები დადებითად აფასებენ.
სულ მალე, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ნამუშევარს გერმანელი მაყურებელიც იხილავს.
"ჩემი ბედნიერი ოჯახი" ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმის საერთაშორისო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. მას შემდეგ "ჩემი ბედნიერი ოჯახი" არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.