ლიტვის ექს-პრეზიდენტ ალგირდას მიკოლას ბრაზაუსკასის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
"მას პირადად ვიცნობდი, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო. ის ლეგენდარული პოლიტიკური ფიგურა იყო. ლიტვის დამოუკიდებლობას მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა. ის იყო არა მარტო დამოუკიდებელი ლიტვის ფუძემდებელი, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აქტიური მხარდამჭერი. ჩემთვის ცნობილია, რომ "ვარდების რევოლუციამდე" ის მაშინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს დაუკავშირდა და გადადგომა სთხოვა. მას საქართველოსადმი ინტერესი არასდროს არ დაუკარგავს", - განუცხადა ჟურნალისტებს სააკაშვილმა ლიტვის ექს-პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ლიტვის ექს-პრეზიდენტი ალგირდას მიკოლას ბრაზაუსკასი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 79 წლის ასაკში 26 ივნისს გარდაიცვალა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბრაზაუსკასმა პოლიტიკური საქმიანობა განაგრძო და 1992 წელს ის სეიმის თავმჯდომარედ აირჩიეს, 1993 წელს რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა, 1998 წელს კი კენჭი მეორე ვადით იყარა.
2001-2006 წლებში ბრაზაუსკასი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა და აღნიშნული თანამდებობიდან სამთავრობო კრიზისის შემდეგ გადადგა.