რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოხატავს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, იგი იმედს იტოვებს, რომ საქართველოსა და ირანის თანამშრომლობა მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული არ არის. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"რაც შეეხება საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივ თანამშრომლობას, შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ სუვერენული სახელმწიფოს გეგმებს განავითარონ მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ასეთ რთულ რეგიონში შედიან. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობები მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ იქნება მიმართული", _ განაცხადა ნესტერენკომ.
მისი თქმით, ნაკლებსავაუდოა, რომ ამ საკითხში თბილისმა შეძლოს რაიმე სახის მნიშვნელოვანი როლის თამაში თუ გავითვალისწინებთ მის "არც თუ ისე მაღალ ავტორიტეტს საერთაშორისო არენაზე, მისი ხელისუფლების მიერ ახლახანს ჩადენილ ვოლიუნტარიულ ქმედებებსა და არცთუ ისე რეალურ შესაძლებლობებს მოახდინოს გავლენა რეალურ სიტუაციაზე".