ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკური პროცესების ანალიზსა და სექტორულ კვლევას გეგმავს, რაც უწყებას ეკონომიკის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში დაეხმარება.
იმავდროულად უახლოესი 4 წლის განმავლობაში სამინისტრო მაკროეკონომიკური სტატისტიკური მონაცემების ანალიზსა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაც აპირებს.
როგორც "ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მიმართულებების" დოკუმენტშია აღნიშნული სამინისტრო სამშენებლო სფეროს ლიბერალიზაციის უხლოეს პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებებსაც განახორციელებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "გლობალური უარყოფითი ეკონომიკური მოვლენების გათვალისწინებით, ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის, ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის მისაღწევად აუცილებელია ზრდის ტემპის მატების უზრუნველმყოფი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელშიც იგულისხმება თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, რაც წარმოადგენს ინვესტიციების მოზიდვის საფუძველს".