ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი მართვის უფლებით ბრიტანულ კომპანიას გადაეცემა, თუმცა კლინიკა სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. შესაბამისი განცხადება დღეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ღუდუშაურის საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, ზაზა სინაურიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის არგუმენტად კი სინაურიძე იმ ფაქტორს ასახელებს, რომ აღნიშნულ კომპანიას საბაზრო ეკონომიკის პირობებში კლინიკების მართვის კარგის გამოცდილება გააჩნია და იგი მენეჯმენტს 47-მდე საავადმყოფოში ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის უფლებით უცხოური მენეჯმენტური კომპანიებისთვის გადაცემას გეგმავს. ამ გეგმის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა დღეს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად მოლაპარაკებები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ერთ-ერთ კანადურ კომპანიასთან მიმდინარეობს, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა.