24 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში გაიმართება „პატარა მედიათეკელის“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი დაესწრება.
ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში განლაგებული ახალი მედიათეკა ათობით ბავშვს უმასპინძლებს. პატარებისთვის მოეწყობა ვიქტორინები განვლილი მასალის მიხედვით, რაშიც ერთმანეთს ვარკეთილისა და ვაკის ფილიალის წევრები შეეჯიბრებიან. ასევე, გაიმართება მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების და ნახატების გამოფენა.
საბავშვო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის “მედიათეკელი" მეორე სეზონი 4 თვის განმავლობაში წარმატებით მიმინარეობდა თბილისის მედიათეკის ვაკის და ვარკეთილის ფილიალებში. პროექტი აერთიანებს რამდენიმე მიმართულების ინტერაქტიულ შეხვედრებს: მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად, ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, მუსიკის საათი, გავეცნოთ ხელოვნებას, ეკოსაათი (გარემოს დაცვა), ფოტოხელოვნება, უნარების სახელოსნო ,,ლეგო“, ფსიქოლოგია (სხეულის ენა), კინოსა და ანიმაციის სამყარო და მკითხველთა კლუბი.
შემოდგომიდან პროექტი უკვე სამივე მედიათეკაში განახლდება და პატარებს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.