ევროკავშირის ლიდერები ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტზე შეთანხმდნენ. ევროპის ორდღიანი სამიტი ბრიუსელში დაიწყო, რის შემდეგაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ტერორიზმი დღემდე უმთავრეს საფრთხედ და გამოწვევად რჩება. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად სასაზღვრო ინფორმაციის გაცვლის ახალი სისტემა განიხილება, რომელზე მუშაობაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ლიდერების სამუშაო დღის წესრიგშია ასევე მიგრაციის, ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხები.