22 ივნისს ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის, კალიგრაფის, წიგნის ილუსტრატორის, მრავალი ქართული და უცხოური გამოცემების დამსურათებლის, ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 100-მდე ნამუშევარი მხატვრის ადრინდელი პერიოდის გრაფიკულ ნახატებს, „ქართული პორტრეტების“ სერიის საუკეთესო ნიმუშებსა და კალიგრაფიულ მხატვრობას აერთიანებს.
ოთარ მეგრელიძე არაერთი ქართული და უცხოური გამოცემის, მათ შორის - სასკოლო ლიტერატურის დამსურათებელია. იგი ორიგინალური სტილის გრაფიკოსია, რომელსაც ამავე დროს შთამბეჭდავი ნამუშევრები აქვს ისეთ შემოქმედებით მიმართულებებში, როგორიცაა: ქსოვილის დიზაინი, ბატიკა, გობელენი, პოპარტი, ფერწერა და ანიმაციის გრაფიკა.
ოთარ მეგრელიძის ნახატები არაერთხელ გამოიფინა საქართველოს, ჰოლანდიის, გერმანიის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და სერბეთის სხვადასხვა ქალაქებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, იაპონიის, საფრანგეთის, ინგლისის, აშშ-ს, ჰოლანდიის, ესპანეთის, გერმანიის და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.
გამოფენა ქართული ხელოვნების ფესტივალ "ქართული სული”-ს ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 22 ივნისს, 19.00 საათზე გაიხსნება 30 ივნისამდე გაგრძელდება.