რამდენიმე დღის წინ სტიქიამ გურჯაანის რაიონის სოფლები სასმელი წყლის გარეშე დატოვა. წყალდიდობამ სოფელ კაჭრეთში ასეულობით მეტრზე მილები მთლიანად დაგლიჯა.
კაჭრეთის მაცხოვრებლების თქმით, წყლის სისტემის დროებითი აღდგენა შეუძლებელია, სოფელი კი საკუთარი რესურსებით, მის რეაბილიტაციას ვერ ახერხებს.
„წყალი ნორმალურად არც სტიქიამდე გვქონდა, მაგრამ სამ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მაინც მოდიოდა. ამ დროისთვის საერთოდ უწყლოდ ვართ დარჩენილები", - აღნიშნეს ადგილობრივებმა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, კაჭრეთში სასმელი წყლის სისტემის აღსადგენად 140 000 ლარია საჭირო. „გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ზარალის რაოდენობამ მარტო ინფრასტრუქტურის კუთხით 1 500 000 ლარი შეადგინა. ზარალის და აღდგენითი სამუშაოების თაობაზე მთავრობას წერილობით უკვე ვაცნობეთ და ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხებიც მოვითხოვეთ. სავარაუდოდ 2 - 3 დღეში დაფინანსება მოხდება და სარეაბილიტაცო სამუშაოები დაიწყება", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.