დღეს, მიმდინარე მუნდიალის მერვედფინალური ეტაპის მესამე დღეს, დურბანში, ჰოლანდია სლოვაკეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება. 22:30 საათზე კი, იოჰანესბურგში ერთმანეთს ბრაზილია და ჩილე შეხვდებიან.
საფეხბურთო მიმომხილველები ფავორიტებად ჰოლანდიასა და ბრაზილიას ასახელებენ, თუმცა მათივე თქმით, იტალიის მძლეველი სლოვაკეთისაგან და მარსელო ბიელსას ჩილესგანაც სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.
ტრავმის გამო, შესაძლოა დღევანდელი მატჩი ჰოლანდიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა გამოტოვოს. სამაგიეროდ, სრულად გამოჯანმრთელდა არიენ რობენი და სავარაუდოდ მას ძირითადში ვიხილავთ.
საკადრო პრობლემები აწუხებს ჩილეს ეროვნულ ნაკრებს, დისკვალიფიკაციის გამო გარი მედელი, ვალდო პონსე და მარკო ესტრადა დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. სამაგიეროდ გუნდს უბრუნდებიან, ცენტრალური ნახევრამცველები, მატი ფერნანდესი და კარმონა. ბრაზილიის ნაკრებს უბრუნდება კაკა, რომელმაც წინა მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ასევე, დღეს მოედანზე ვიხილავთ ბრაზილიელ ელანოს, დუნგას განცხადებით, ამ უკანასკნელმა ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის.