საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპარსეთის ყურეში, ყატარის სახელწმიფოში ვიზიტს დღეიდან დაიწყებს.
ქვეყნის პირველი პირი ყატარის ემირს შეხვდება. ემირის სასახლეში დაგეგმილ პირისპირ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ინტერესის სფეროები განიხილება.
უძრავი და საბანკო ქონება, სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკის სფერო, - ეს ის მიმართულებებია, რომელზეც მხარეები სამომავლოდ გეგმავენ თანამშორმლობას. უკვე ცნობილია, რომ ყატარის მხარე საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულია.
მოლაპარაკებებისას მხარეები ასევე ორმაგი დაბეგვის თავიდან აცილების ხელშეკრულების მომზადების დაწყების თაობაზეც ისაუბრებენ.
გარდა ამისა, დღესვე ყატარისა და საქართველოს მხარეებს შორის სავიზო მიმოსვლის გამარტივების თაობაზე პირველი ოფიციალრი ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი სავაჭრო და საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებსაც შეხვდებიან, რომელშიც ქვეყნის უმდიდრესი ინვესტორებია გაერთიანებული.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ყატარის რესპუბლიკაში ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია.