თელავში, კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარხებსა და ადამიანის ძვლებს მიაკვლიეს.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, სამარხები სამშენებლო კომპანია "უტას" თანამშრომლებმა სამუშაოების დროს ნახეს, სადაც სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საძირკვლის გათხრა მიმდინარეობს.
მუშების თქმით, მიწაში ადამიანის თავის ქალა და ე.წ. ქვახუფის ტიპის სამარხი გამოჩნდა. მათ მუშაობა შეაჩერეს და ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიაწოდეს.
ადგილზე არქეოლოგი ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი იმყოფებოდა. მისი განმარტებით, აღნიშნული სამარხები წინასწარი დათვალიერებით, ადრე ქრისტიანული ხანის უნდა იყოს.
ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.