ჩინეთში ლიკვიდირებული და დაპატიმრებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 20 - მდე ინფორმატორი, რამაც ამ ქვეყანაში სადაზვერვო ოპერაციებს დიდი ზიანი მიაყენა. ამის შესახებ New York Times-ი 4 ყოფილი სპეცაგენის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ეს ამერიკული სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩავარდნაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. გაზეთის მტკიცებით, 2010-2012 წლებში ჩინეთში ამერიკული დაზვერვის დაახლოებით 10 ინფორმატორი მოკლეს, ერთი მათგანი სამთავრობო შენობასთან დაცხრილეს, რომ ეს სხვებისთვის გაფრთხილება ყოფილიყო.
როგორც New York Times-ისთვის გახდა ცნობილი, დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების გადაბირება მოახერხა, რომ მათ ამერიკულ დაზვერვაზე ემუშავათ. წყაროს მტკიცებით, თანამშრომლობაზე ძირითადად ისინი დათანხმდნენ, რომლებიც ხელისუფლების კორუფციის გამო იმედგაცრუებულნი იყვნენ. ეს აგენტურული ქსელი 2010 წლამდე ამერიკის დაზვერვას ჩინეთის ხელისუფლების საქმიანობის შესახებ საჭირო ინფორმაციას აწვდიდა. თუმცა შემდეგ ინფორმაციამ მნიშვნელოვნად იკლო. უნდა აღინიშნოს რომ, აპრილში ჩინეთის უშიშროების სახელმწიფო სამსახურმა ფულადი პრემია დააწესა იმათთვის, ვინც უცხოელ აგენტებზე ინფორმაციას მიაწვდიდა.
აშშ-ში ეს პრობლემა ისე სერიოზულად მიიჩნიეს, რომ სადაზვერვო სამსახურებმა, როგორც ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ, ისე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საქმის შესწავლა დაიწყეს, რომ მომხდარის მიზეზები დაედგინათ. სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის მიმართ, რომელიც წარმოშობით ჩინელია, გამოძიებაც კი დაიწყო. მას ჩინეთის ხელისუფლებისთვის ამერიკული სადაზვერვო ქსელის ჩაშვებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ვერაფერი დაუმტკიცეს.