თბილისში, დღეს, ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის ინოვაციური კომისიის სხდომა გაიხსნა. წლევანდელი კომისიის სხდომის თემა „მდგრადი განვითარება და ინოვაციური ქალაქები’’ გახლავთ. ინოვაციურ კომისიას თბილისთან დაძმობილებული ქალაქი ნანტი ხელმძღვანელობს.
სხდომა, რომელზეც ტექნოლოგიურ ინოვაციებში მოქალაქეთა მონაწილეობასა და მათი მიდგომების შეცვლაზე, ასევე მდგრად ურბანულ სამსახურებში ინოვაციების დანერგვაზე ისაუბრეს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. მისი განცხადებით, ღონისძიების უმთავრესი მიზანი, ინოვაციური მიმართულების სფეროში, სხვადასხვა ქალაქების გამოცდილების გაზიარებაა.
„სხვადასხვა ქალაქების გამოცდილების გაზიარება ინოვაციური პროექტების განხორციელებაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ის, რომ მომდევნო წელს თბილისში კონფერენცია უკვე ფრანკოფონ მერთა მონაწილეობით გაიმართება. დღეს ამ კონფერენციის მოსამზადებელ საკითხებზეც ვიმსჯელებთ. გარდა ამისა, სამომავლო თანამშრომლობის გეგმასაც დავსახავთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისში განხორცილებულ ინოვაციურ პროექტზე პრეზენტაცია თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა წარადგინა. სამსახურის წარმომადგენლებმა „ქალაქი-ბიბლიოთეკის“ ციფრული პროექტის შესახებ ისაუბრეს. სტუმრები თბილისის ტექნოლოგიური პარკის სიახლეებსაც გაეცნენ.
საკუთარ ქალაქებში განხორციელებული ინოვაციური პროექტები ქალაქ ნანტის, პარიზის, ჟენევის, ლიეჟისა და აბიჯანის წარმომადგენლებმაც წარადგინეს.
თბილისი ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციაში 2001 წლიდან არის გაერთიანებული და ბოლო წლების მანძილზე სისტემატიურად იღებს მონაწილეობას, როგორც ასოციაციის გენერალური ასამბლეების, ასევე ასოციაციის ინოვაციური კომისიის მუშაობაში.