დღეს კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ამჟამად 2017 წლის ევროფესტივალის ფინალისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სლოგანი: „ანათე" (Shine Bright) წარადგინეს.
წლევანდელი ღონისძიების მთავარ გზავნილს „ანათე" თან ახლავს კრეატიული სიმბოლოს დიზაინი, რომელიც სეგმენტირებული მზის კონცეფციას ეფუძნება, მზის გამოსახულება სხვადასხვა ფერებად არის დაყოფილი, რაც მას უფრო გამომსახველს ხდის.
ახალი სლოგანი და ღონისძიების მხატვრული გაფორმება სტუმრებს ქართული კულტურის შესახებ შეუქმნის წარმოდგენას, ასევე ხელს შეუწყობს მონაწილეების, რომლებიც მოგვიანებით გამოვლინდებიან, შემოქმედებითი პოტენციალის და კრეატიული მიდგომის წარმოჩენას.
ცნობისთვის, საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის ფინალისტი გახდა. EBU-ს წარმომადგენელი ჯონ ოლა სენდი აცხადებს: "საბავშვო ევროვიზიის კონკურსი შექმნილია იმისთვის, რომ ახალგაზრდა არტისტებს მისცეს საშუალება იბრწყინონ სცენაზე და თავიანთი პოტენციალი სრულად წარმოაჩინონ. წლევანდელი სლოგანი ამ მიზნის სრული ხორცშესხმაა. ჩვენ მოხარული ვართ ვითანამშრომლოთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მოუთმენლად ველით მივესალმოთ და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა ტალანტებს."
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კრეატიული კონცეფცია კონკურსის შედეგად შეირჩა და მისი ავტორი კომპანია Saatchi&Saatchi-ია. ლოგოს ფერადი ნათება მრავალფეროვნების და სიხარულის სიმბოლოა და მუსიკის ძალასთან ასოცირდება. კომპანიის Saatchi&Saatchi არტ დირექტორი ლუკა ივანიძე ამბობს, რომ ეს სიმბოლო მზიანი საქართველოდან არის. მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ ის გააძლიერებს კონკურსის მონაწილეებს და შთააგონებს ანათონ.
შეგახსენებთ, 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალი თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.