ევროპის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა სახელწოდებით, „ჩემი თვალით დანახული ევროპა" გაიმართა საქართველოს პარლამენტში, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ და პროექტის მხარდამჭერმა, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ-კავკასიის წარმომადგენლობითი ოფისის დირექტორმა ტომას შრაპელმა მიმართა.
„ძალიან საინტერესო აქტივობა ჩავატარეთ ევროპის კვირეულის ფარგლებში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მარნეულში, გარდაბანში, ახალქალაქში და რუსთავში საჯარო სკოლებს სტუმრობდნენ, სადაც გაიმართა შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და ვისაუბრეთ ევროპაზე, ევროკავშირზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე. ევროკავშირთან ურთიერთობის განსაკუთრებული წელი გვაქვს. საქართველომ ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაცია მიიღო. მოხარული, ვარ რომ ზოგიერთ ნახატში ეს პირდაპირ გამოჩნდა და ბავშვებმა სწორედ ვიზის ლიბერალიზაციის თემას მიუძღვნეს თავიანთი ნახატები", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
„ნახატები, რომელიც გამოფენილია ამ დარბაზში 2-3 დღის განმავლობაშია შექმნილი. ნამუშევრებში ნათლად ჩანს თუ როგორ ვხედავთ ევროპას, რა არის ევროპული ოჯახი, ევროპული პერსპექტივა. თითოეულმა ჩვენგანმა შეიძლება ისწავლოს აქედან", - აღნიშნა, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ-კავკასიის წარმომადგენლობითი ოფისის დირექტორის ტომას შრაპელმა.
შეხვედრაზე, მისასალმებელი სიტყვით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემაც მიმართა.
„ეს თვე დატვირთულია ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებით. დღევანდელი კი, განსაკუთრებულია მათ შორის. თითოეულმა ნახატმა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. შთაბეჭდილება მოახდინა იმ იდეამ, რომელიც მათ ამ ნახატებში ჩადეს. საქართველოში განსაკუთრებული მიზეზი გვაქვს ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნის, რადგან ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაცია მიიღო. ეს კი, აქ წარმოდგენილ ნახატებშიც კარგად ჩანს. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა კარლო ნატალემ.
განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, კეთილგანწყობა და პოზიტიური მოლოდინები ძალიან კარგად ჩანს ბავშვების ნახატებში. ბოლო დროის ცვლილებები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია თითოეულ ბავშვამდე მივიდა. „ჩვენ დღეს ვზეიმობთ ევროპის დღეს. ეს არა მარტო ევროპის დღის ზეიმია, არამედ, ევროპული ღირებულებების, თანასწორობის, მშვიდობის, კანონის უზენაესობის სოლიდარობის ზეიმი. ეს ღირებულებები არის სწორედ ის მისწრაფება, რომლისთვისაც ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ ევროპასთან ინტეგრაციის მისაღწევად", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„გაცილებით ახლოს ვართ იმ მიზანთან რომლისთვისაც ჩვენ ვიღწვით. მნიშვნელოვანია, რომ ცოდნით მოპოვებული თავისუფლება იყოს განხორციელებადი ბოლომდე. იმ ცოდნით მოპოვებული თავისუფლება, რომელიც ჩვენ ევროპის ფერხულში ჩაგვწერს",- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა.
კონკურსში მარნეულის, გარდაბნის, ახალქალაქის და რუსთავის მეშვიდე-მერვე კლასის, 160 მოსწავლე მონაწილეობდა, საიდანაც საუკეთესო 40 ნამუშევარი პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამოეფინა. დღეს გამართულ ღონისძიებაზე, საუკეთესი ნახატების სამი გამარჯვებული, ვაზგენ ნერსესიანი, აიგუნ ბახტიაროვა და ელენე ტატაშიძე გამოვლინდა, რომელთაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.