საფრანგეთში ძალიან გამხდარ მოდელებს ჩვენებებსა და რეკლამებში მონაწილეობას აუკრძალავენ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მარისოლ ტურენმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ახალი რეგულაციები მიზნად ახალგაზრდა გოგონების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს. კანონმდებლობა მოდელებს ავალდებულებს სამსახურში ჯანმრთელობის ცნობა წარადგინონ, რომელშიც მითითებული იქნება, რომ მათი სხეულის მასის ინდექსი ნორმის ფარგლებს არ ცდება. კანონის დამრღვევები 75 ათასი ევროთი დაჯარიმდებიან. ახალი რეგულაციები ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა.