საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად დღეს თბილისის მერიისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან - სტენდებიდან QR კოდის საშუალებით სმარტფონში უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები.
დღეისათვის, უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები უკვე განთავსებულია თბილისში, მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე, სახლ-მუზეუმებთან, პარკებში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილი დღევანდელ ღონისძიებაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომ ანალოგიური ელექრონული ბიბლიოთეკები, საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქში გაკეთდეს, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა პროექტის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელოს.
„მინდა თბილისელებს და თბილისის სტუმრებს მივულოცო პროექტის განხორციელება.
მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წელი განათლების წლად გამოაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ განათლების ხელმისაწვდომობაზე, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციაზე და ეს პროექტი სწორედ ამ ყველაფერს შეუწყობს ხელს.
მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს და თბილისის მერიას პარტნიორობისთვის. ეს პროექტი ძირითადად დაფინანსებულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.