საქართველოს პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით ქვეყნის ფარგლებს გარეთ მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით ბორდო და ბორდოსთან ერთად საქართველო უმასპინძლებს ძალიან მნიშვნელოვან გამოფენას, სადაც გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო წარმოდგენა, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ.
წარდგენას ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის მინისტრი და გამომდინარე მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან ჩვენი ქვეყნისთვის, მინდა, რომ ყველა უწყებას ვთხოვო, მაქსიმალურად ითანამშრომლოს ბატონ ლევანთან იმისათვის, რომ საუკეთესო კუთხით იქნას წარმოჩენილი საქართველო,“-განაცხადა კვირიკაშვილმა.