თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ ლიტველ მწერლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, სიტყვით გიორგი ალიბეგაშვილი გამოვიდა და ლიტვის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სტუმრებს თამარ ტალიაშვილმა მიმართა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და ლიტველ სტუმრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ კულტურის სფეროში მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ლიტველ მწერლებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ორგანიზებული ხელოვნებისა და კულტურის კონკურსი „თბილისი“ გააცნო და აღნიშნა, რომ მსოფლიო გლობალიზაციის ფონზე, ლიტერატურა სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური იარაღია.
დელეგაციის წევრები ლიტვაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ეწევიან და ქართულ ნაწარმოებებს ლიტვურ და სხვა ენებზე თარგმნიან. დელეგაციის წარმომადგენლებმა და თამარ ტალიაშვილმა ლიტვასა და საქართველოში არსებულ სახელოვნებო კონკურსებსა და სხვადასხვა კულტურის პროექტების შესახებ გაცვალეს ინფორმაცია, რის შემდეგაც საკრებულოს დეპუტატმა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის სტუმრებს მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრაზე, რომლის ინიციატორებიც ლიტვური ენიდან მთარმგნელი, ფილოლოგი ნანა დევიძე და მწერალი და მთარგმნელი მარიამ წიკლაური იყვნენ, თამარ ტალიაშვილი და გიორგი ალიბეგაშვილი კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასირუი სახლის“ მიერ გამოცემული ჟურნალის „აფრა“ პრეზენტაციაზე დაპატიჟეს.
ჟურნალი ლიტვის მწერალთა კავშირის ფინანსური მხარდაჭერით არის გამოცემული და ის 24 ლიტველი ავტორის ნამუშევრებს აერთიანებს.
ლიტვური დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: იონას ლინიაუსკასი (ლიტვის საავტორო უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე), ვიკტორას რუჯანსკასი (ლიტერატურული ჟურნალი „ნემუნასის“ მთავარი რედაქტორი), ბირუტე იონუშკაიტე (ლიტვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე), რიტა ლატვენაიტე-კაირიენე (პროზაიკოსი, რომელსაც ახლო ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსთან და მის კულტურასთან), ალვიდას შლეპიკასი (პროზაიკოსი, რეჟისორი, დრამატურგი, ქართულ-ლიტვური ტელესერიალის „ღვინის გზა“ რეჟისორი), ლაურა-სინტია ჩერნიაუსკაიტე (პროზაიკოსი, ჟურნალის „შენი ბავშვი“ ლიტერატურული რედაქტორი), დედაქალაქში ვიზიტს 5 მაისს დაასრულებს.