საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის ლიტერატურული საღამო გამართა. ღონისძიება სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ საგამოფენო პავილიონში ჩატარდა. საღამოზე მწერალმა ეკა ტოგონიძემ წაიკითხა ლექცია - „წერე, თუ წერის გარეშე ვერ ძლებ“. მან ახალგაზრდებს პრაქტიკული რჩევები მისცა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. გამომცემლობის "წიგნები ბათუმში“ თანადამფუძნებელმა და რედაქტორმა მარიამ კორინთელმა კი მწერლებისა და მკითხველის ცხოვრებაში გამომცემლობის როლზე ისაუბრა. ლიტერატული საღამოს მიზანი ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მხატვრული წერით დაინტერესება იყო.
ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დაათვალიერეს გამოფენა - „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები“. გამოფენაზე წარმოდგენლია XVIII-XIX საუკუნეებში თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინოპოლში, კრემენჩუკში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ვენეციაში, რომსა და მონთობანში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის წიგნები. ექსპოზიციაზე ფოტოების სახით გამოფენილია ძველნაბეჭდი წიგნების დეკორი, სხვადასხვა სტამბის შრიფტები, წიგნების მინიატურები, წიგნების ყდების გაფორმება. გამოფენა 7 მაისამდე გაგრძელდება.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება, პიროვნული განვითარება და კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.