5 და 19 მაისს 19 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) პრემიერაა - წარმოდგენილი იქნება სერგეი რახმანინოვის ერთმოქმედებიანი ოპერა “ალეკო”. სპექტაკლზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ ლევან ჯაგაევის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თემურ არსენიძის და ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით. ახალგაზრდა, პერსპექტიული დირიჟორის ლევან ჯაგაევისთვის დამდგმელი დირიჟორის ამპლუაში ეს დადგმა სადებიუტოა (მას და სპექტაკლის ყოველ მონაწილეს გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას!).
“ალეკოს” საპრემიერო წარმოდგენაში მთავარ როლებს შეასრულებენ თეატრის სოლისტები ბაკურ კვირიკაშვილი, ლაშა თითბერიძე (ალეკო), მიხეილ ქებაძე (ახალგაზრდა ბოშა), კალისტრატე ხარჩილავა (მოხუცი), ფერიდე ჯინჯიხაძე, ნათია სტეფანიშვილი (ზემფირა), ინგა ფუტკარაძე (მოხუცი ბოშა ქალი), რომელთაც პარტნიორობას გაუწევს თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი.
საგულისხმოა ოპერა “ალეკოს” შექმნის ისტორია: მოსკოვის კონსერვატორიის მცირე დარბაზში განთავსებულია მარმარილოს დაფები, რომლებზეც დაწერილია ოქროს მედლით კურსდამთავრებულთა გვარები. მათ შორის არის 19 წლის სერგეი რახმანინოვის გვარიც, რომელმაც როგორც კომპოზიტორმა წარჩინებით დაამთავრა კონსერვატორია, მისი სადიპლომო ნაშრომი კი იყო ერთმოქმედებიანი ლირიკულ-ფსიქოლოგიური ოპერა “ალეკო”.
გამოსაშვებ გამოცდამდე ერთი თვით ადრე რახმანინოვმა დავალება მიიღო სადიპლომო ნამუშევრად შეექმნა ოპერა ალექსანდრე პუშკინის პოემის “ბოშების” მიხედვით. ლიბრეტოს ავტორი იყო ცნობილი თეატრალური მოღვაწე, დრამატურგი და ლიტერატორი ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო. ოპერა სულ რაღაც 17 დღეში დაიწერა.
“ალეკოს” პრემიერა შედგა მოსკოვის დიდ თეატრში 1893 წლის 27 აპრილს და დიდი წარმატება ხვდა წილად. გულთბილად გამოეხმაურა ოპერას პეტრე ჩაიკოვსკიც და მის ავტორს დიდი შემოქმედებითი მომავალი უწინასწარმეტყველა.
1904 წელს რახმანინოვმა კიდევ ორი ერთმოქმედებიანი ოპერა შექმნა: “ფრანჩესკა და რიმინი” და “ძუნწი რაინდი”. რახმანინოვის სამივე ოპერა ფსიქოლოგიური დრამაა. მთავარი გმირების დასახასიათებლად რახმანინოვი იყენებდა განვრცობილ სცენებს, რომლებშიც იხსნება გმირთა რთული სულიერი სამყარო. კომპოზიტორი უარს ამბობდა ყოფითი, ჟანრული ფონის განვითარებაზე, სიუჟეტის გახსნის დამხმარე ხაზებზე, გაშლილ ექსპოზიციებზე. ასეთი მიდგომიდან მომდინარეობს რახმანინოვის ოპერების კამერულობა და ერთმოქმედებიანი ფორმა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ოპერის თეატრმა წლევანდელი 48-ე თეატრალური სეზონი ჯუზეპე ვერდის ოპერის “ტრავიატას” პრემიერით გახსნა, სერგეი რახმანინოვის “ალეკო” ამ სეზონის მეორე პრემიერაა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ირინე ლომინაძის თქმით რეპერტუარის გამდიდრება მომავალ 49-ე სეზონშიც გაგრძელდება და აუდიტორია შემოდგომაზე ვერდის კიდევ ერთი შედევრის “რიგოლეტოს” პრემიერას იხილავს, სხვა სიურპრიზებს კი სამომავლოდ შემოგინახავთ.