ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა გადადგომის შესახებ განცხადება არ გააკეთა. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზეც კი არ მივიდა, სადაც გადადგომის შესახებ უნდა გაეკეთებინა განცხადება.
როგორც წესი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იმპიჩმენტის მექანიზმი არ არსებობს, ამიტომ ბიუროს სხდომაზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს.
არსებული ინფორმაციით, მათ შეიმუშავეს დეკლარაცია, რომლითაც აგრამუნტს შეეზღუდა ვიზიტების, ოფიციალური შეხვედრების და განცხადებების გაკეთების უფლებაც კი. ის მხოლოდ ფორმალურად დაიკავებს ამ თანამდებობას, უფლებამოსილებას კი რეალურად საპარლამენტო ასამბლეის ვიცერეზიდენტი როჯერ გეილი შეასრულებს.
ცნობისთვის, პედრო აგრამუნტის გადადგომის შესახებ განცხადება დღეს უნდა გაეკეთებინა. უკვე მისი შემცვლელის შესახებაც საუბრობდნენ. თავმჯდომარეობის კანდიდატად ევროსაბჭოში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ხელმძღვანელი აქსელ ფიშერი სახელდებოდა. სხვა პარტიული ჯგუფი აგრამუნტის შემცვლელის კანდიდატურას არ დააყენებს, რადგან როტაციის მიხედვით საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა 2017 წელს ევროპის სახალხო პარტიას ეკუთვნის.საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევის საკითხი კი ივნისში საზაფხულო სესიაზე დადგება.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარები პედრო აგრამუნტის გადადგომას სირიაში მისი ვიზიტის და პრეზიდენტ ბაშარ ასადთან შეხვედრის გამო ითხოვენ. ამ საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ხმაური მოჰყვა. აგრამუნტიმ სხდომათა დარბაზიც კი დატოვა. პედრო აგრამუნტის სირიის პრეზიდენტთან შეხვედრას რუსეთის დუმის დეპუტატი ესწრებოდა.