დათო კიკნაველიძის ანიმაციური ფილმი "ჯინო" ბრაზილიაში, ფესტივალზე Anima Mundi საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი რიო დე ჟანეიროში 19-23 ივლისს ჩატარდება.
"ჯინო" პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავალს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის - სახლის გადასარჩენად.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფესტივალზე კიდევ ერთი ანიმაციური ფილმი - ანა ჩუბინიძის "ჯიბის კაციც" წარსდგება.
"ჯიბის კაცი" პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა ანიმაციაში, რომლის საერთაშორისო პრემიერაც სულ ცოტა ხნის წინ ნიუ იორკში შედგა, რამდენიმე დღის შემდეგ ფილმმა კანადაში, მონრეალის კინოფესტივალზე 2 ჯილდოს მოპოვება შეძლო, ახლახანს კი კიდევ 2 პრიზი საფრანგეთში, კინოფესტივალზე L'OMBRE D'UN COURT გადაცა.
ფილმი პატარა კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩემოდანში ცხოვრობს. უსინათლო მოხუცთან შეხვედრის შემდეგ კი იგი მის ჯიბეში აგრძელებს ცხოვრებას.ეს არის ამბავი მეგობრობაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.
Anima Mundi ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლანაა, რომელსაც წელს 25 წლის იუბილე აქვს. ქართული ანიმაციური ფილმი ამ ფესტივალზე პირველად მოხვდა.
პარალელურად ორივე ანიმაციური ფილმი - "ჯინო" და "ჯიბის კაცი" ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.