დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და ეკონომიკის სამინისტროს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რაც მეტი პროდუქცია იქნება გამოტანილი გრიფით "დამზადებულია საქართველოში", განსაკუთრებით, ქართულ ბაზარზე, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოხდება იმპორტის ჩანაცვლება. ეს კი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით უნდა განხორციელდეს.
შეხვედრას USAID-ს კავკასიის მისიის დირექტორი ჯოკ კონკი, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა კვლევის შედეგები, რომელიც 2009 წლის მაისში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის და კერძო სექტორში იმპორტის ჩანაცვლების და ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობების გაანალიზების მიზნით ჩატარდა.
კვლევა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა ბიზნესგარემოს რეფორმის პროექტთან და ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად განახორციელა. კვლევისათვის გამოიკითხა საქართველოში მოქმედი 233 კომპანია - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში და თელავში. შედეგების მიხედვით საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში იმპორტი 75 პროცენტია, ხოლო ექსპორტი მხოლოდ 25 პროცენტს შეადგენს.