სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ თანდათან უფრო და უფრო იზრდება.
შამბა აცხადებს, რომ სწორედ ბელორუსი იქნება ერთ-ერთი პირველი იმ სახელმწიფოთაგან, რომლებიც უახლოეს მომავალში აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
"ჩვენი სახეოლმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე რამდენიმე სახელმწიფოს იმედი გვაქვს. რათქმაუნდა, გვინდა, რომ მათ შორის ერთ ერთი პირველი რესპუბლიკა ბელორუსი იყოს, რომელთანაც აფხაზეთს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ჩვენ ყოველთვის მადლიერებით გავიხსენებთ, რომ ბელორუსი თავის დროზე არ შეუერთდა აფხაზეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს ბელორუსის ხელისუფლების მყარი და აწონილ-დაწონილი პოლიტიკა იყო. ამიტომაც ჩვენ გვაქვს უფლება ვიფიქრო, რომ ჩვენს შორის ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობები იქნება",_ განაცხადა სერგეი შამბამ რუსულ მედიასთან საუბრისას.
ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთი გაგებით ეკიდება იმასაც, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, იოლი გადასაწყვეტი არ არის იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც გარკვეული ურთიერთობები გააჩნიათ საქართველოსთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და აშშ-სთან.