საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მსახიობების ხელფასებთან დაკავშირებით, უწყების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს. მიხეილ გიორგაძე თეატრების რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, თავად თეატრის ხელმძღვანელები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ. მინისტრი ზურაბ ყიფშიძის საკითხზე ატეხილ სკანდალსაც გამოეხმაურა.
„იმისათვის, რომ სპეკულაცია გამოვრიცხოთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრო სხვის ხარჯზე ცდილობს ოპტიმიზაციის გაკეთებას, მოგახსენებთ, რომ თავად ცენტრალურ აპარატს 20%-ით შეუმცირდა ბიუჯეტი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ამბავია და ახლაც არ წყდება მღელვარება სოციალურ ქსელში. მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურა ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობის გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ ის 400-ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს. ბატონი ზურაბი ბევრად მეტ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრში. ის ასევე არის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი პირველ არხზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველნაირ პოლიტკორექტულობის საზღვარი აქვს ჩემი მხრიდან და მე იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
როგორც მინისტრმა განმარტა, იქნება საუბარი საბაზისო გარანტირებული საჭიროებების უზრუნველყოფაზე და შემდეგ თითოეულ თეატრზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენ დაფინანსებას მოიძიებს, რამდენ მაყურებელს მოიზიდავს.
„საქართველო, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის პირველი და ერთადერთია, რომელიც შეურთდა ამ პროგრამას. მესამე წელია, ერთი გამონაკლისის, მარჯანიშვილის თეატრის გარდა, არათუ დაფინანსება არ მიუღია არც ერთ თეატრს, არც კი უცდიათ, რომ გარკვეულიყვნენ ამ პროგრამის შესაძლებლობებში, მოეძიათ პარტნიორები, შესაბამისი პროექტით შესულიყვნენ ამ პროგრამაში და დაფინანსება მიეღოთ. ამის გარდა, არსებობს ევროკავშირის კულტურის და შემოქმედებითობის პროგრამა, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოში და არაერთი პროექტი ფინანსდება, მაგრამ ჩვენი თეატრების ხელმძღვანელებს ყველაზე მარტივი და ადვილი გზა აქვთ არჩეული - სპეკულაცია ხშირ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე 100%-ით საჭიროებებს ვერ აფინანსებს და ამბობენ, რა ვქნათ, ყურადღება არ ექცევა თეატრს, კულტურა პრიორიტეტი არ არისო და ა.შ. თავად ისინი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ და ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი გევქნება”, - აცხადებს მინისტრი.