აჭარაში ღვინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, რომელიც "მინი სიღნაღი" იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაზისა და ღვინის 33-ე საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს იდეა, რომ აჭარაში ჩამოაყალიბოს და შექმნას ღვინის ცენტრი, სადაც თავმოყრილი იქნება თითქმის ყველა ვაზის ის ჯიში, რომელიც საქართველოში არსებობს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენ-თან" საუბრისას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ემზარ ძირკვაძემ განმარტა, ეს ყველაფერი ჯერ იდეის დონეზეა და საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის.
"ღვინის ცენტრის მოსაწყობად რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, თუმცა საბოლოოდ ჩამოყალიბებულები არ ვართ. თუმცა, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ აჭარაში შეიქმნას ღვინის მუზეუმის მსგავსი დაწესებულება, სადაც საქართველოში ნაწარმოები ყველა ჯიშის და თითქმის ყველა კომპანიის პროდუქცია გამოიფინება და შესაბამისად გაიყიდება კიდეც"'- აღნიშნა ემზარ ძირკვაძემ.
მისივე განმარტებით, ასეთი დაწესებულების შექმნა რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ასევე ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.