რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ნანუკა ხუსკივაძე აირჩიეს. როგორც ხუსკივაძემ განაცხადა, კომისიის წევრების ხმების რაოდენობით ის ნამდვილად ითვლება კონკურსში გამარჯვებულად, თუმცა დეტალებზე ოფიციალური დანიშვნის შემდეგ ისაუბრებს.
რუსთავის მერიამ კონკურსი, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, თუმცა მალევე გააუქმა. როგორც მერიის ვებგვერდზე ორი დღის წინ გათავსებულ ანონსშია მითითებული, ხელახალი კონკურის თითქმის ერთი თვის წინ გამოცხადდა და განაცხადების მიღება 16 მარტიდან იყო შესაძლებელი.
საკონკურსო პირობებში მითითებულია ის მოთხოვნები, რასაც თეატრის ხელმძღვანელი უნდა აკმაყოფილებდეს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევის წესი ,,პროფესიული თეატრების შესახებ" საქართველოს კანონშია გაწერილი. ,,სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატურების შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“–ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე; საბჭოს წევრებს არა აქვთ კანდიდატთა წარდგენის და საინიციატივო ჯგუფებში მონაწილეობის უფლება"- ნათქვამია კანონში.