რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოსთან საერთო სახელმწიფოს შექმნაზე ფიქრობდა, თუმცა თბილისმა ეს შეთანხმება გაწყვიტა. ეს განცხადება ლავროვმა სეპარატისტული აფხაზეთის საზოადოებასთან შეხვედრისას გააკეთა.
"ჩვენი აფხაზი პარტნიორები მთელი ეს წლები, რომლებიც აგვისტოს ცნობილ მოვლენებს უსწრებდა წინ, გულწრფელად მიისწრაფვოდნენ საქართველოსთან მოლაპარაკებას. 1998 წელს მგონი იყო ასეთი რამეც, რომ აფხაზეთმა დაიწყო ფიქრი საქართველოსთან საერთო სახელმწიფოს შექმნაზე და ამისათვის მზად იყო კიდეც. ეს შეთანხმება თბილისმა გაწყვიტა, იმიტომ რომ ესეც კი მისთვის ცოტა იყო",_ აცხადებს სერგეი ლავროვი.
მისივე თქმით, რუსეთის ყველა მცდელობა იმის შესახებ, რომ საქართველოსა და აფხაზეთს, როგორმე ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში თანაცხოვრება გამოსვლოდათ, გამუდმებით აწყდებოდა ულტიმატურ მოთხოვნებს საქართველოს ახლანდელი და წინა ხელისუფლებების მხრიდან.
"ამის მიუხედავად მე არ ვარ პესიმისტი. ის რაც მოხდა არასოდეს არ შეიცვლება: აფხაზეთი არის და იქნება დამოუკიდებელი. თუმცა რა თქმა უნდა აფხაზეთისა და რუსეთის ინტერესებშია ასევე ის, რომ რეგიონში სიტუაცია ნორმალიზებული იყოს და ბრძენმა ქართველმა ხალხმა, მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლების სათავეში საღი აზრის მქონე ადამიანები მოვლენ, რომლებიც იზრუნებენ თავისი ხალხის მომავალზე და იმაზეც თუ როგორ ააშენონ კეთილმეზობლური ურთიერთობების მეზობელ სახელმწიფოებთან",_ განაცხადა ლავროვმა კი იმედი გამოთქვა, რომ ასეთი დღე მართლაც დადგება და ეს იქნება მნიშვნელოვანი დღე როგორც მთელი კავკასიისათვის, ისე აფხაზეთისა და რუსეთისათვის.